დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში
19 აპრილი 2026
ჩაპა კოკერ სპანიელია, მისი ასაკი უცნობია, რადგან პატრონმა რამდენიმე წლის წინ ქუჩაში იპოვა და შეიფარა.
რამდენიმე კვირის წინ ჩაპა ვეტერინარიუმში გეგმური ოპერაციისთვის, კასტრაციის მიზნით მოიყვანეს. წინასაანესთეზიო კვლევების ფარგლებში სისხლის ბიოქიმიურმა ანალიზმა ღვიძლის ფერმენტების დისბალანსი აჩვენა, ხოლო აუსკულტაციისას გამოვლინდა არითმია. ამის შემდეგ ჩაპას კლინიკის ვეტერინარმა, ნათია რობაქიძემ, გულის ულტრაბგერითი კვლევა გაუკეთა, რომელმაც გამოავლინა გულის დილატაციური კარდიომიოპათია - DCM, ACVIM Stage B2.
დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში შედარებით ხშირი პათოლოგიაა. ეს დაავადება იწვევს გულის კამერების, განსაკუთრებით მარცხენა პარკუჭის, გაფართოებასა და კუმშვადობის დაქვეითებას, რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევა ეფექტურად ვეღარ ხორციელდება და შეიძლება განვითარდეს შეგუბებითი პროცესები. ჩაპას გულის პათოლოგიის გამო გეგმური ოპერაცია გადაიდო მანამდე, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდებოდა. მას დაენიშნა შესაბამისი კარდიოლოგიური მკურნალობა.
გარკვეული დროის შემდეგ ჩაპა ვეტერინარიუმს გეგმური კონტროლისთვის კვლავ ესტუმრა. განმეორებითმა კვლევამ აჩვენა გულის ფუნქციის გაუმჯობესება, რის შემდეგაც დაიგეგმა კასტრაცია. ოპერაცია კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, გააკეთა.
ჩაპას შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველების გეგმური შემოწმება. გულის პათოლოგიების დიდი ნაწილი კლინიკურად მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც დაავადება უკვე ბოლო სტადიაშია. ასეთ დროს მკურნალობა უფრო რთულია, ხოლო გართულებებისა და სიკვდილიანობის რისკი კი უფრო მაღალი.
სწორედ ამიტომ, წინასაანესთეზიო გამოკვლევების დროს გულის ულტრაბგერითი კვლევა მნიშვნელოვანია. მისი დახმარებით შესაძლებელია გულში არსებული ცვლილებების დროული გამოვლენა, მკურნალობის დროულად დაწყება და საანესთეზიო პროტოკოლის კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგება.
მსგავსი სიახლეები
20 აპრილი 2026
ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
19 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თანამშრომლის, ბარბარე ქურციკიძის ქრონიკები ბუქარესტიდან
18 აპრილი 2026
ძაღლში ბაბეზიოზის, ერლიხიოზისა და IMHA-ს დიაგნოსტიკა და მართვა
17 აპრილი 2026
ბარბარე ქურციკიძე ESAVS-ის საერთაშორისოდ აკრედიტებულ ქირურგიულ პროგრამაში
15 აპრილი 2026