განსაკუთრებით რთული და კომპლექსური კლინიკური შემთხვევა

14 აპრილი 2026

ტოკიო, 10 თვის მეტისი კატა, ვეტერინარიუმში მოიყვანეს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული მძიმე ტრავმით. კლინიკური და რადიოლოგიური შეფასების შედეგად დადგინდა:

  • მარჯვენა ბარძაყის დისტალური ზრდის ფირფიტის ფრაგმენტული მოტეხილობა - Salter-Harris IV ტიპის მოტეხილობა (სახსარშიდა დაზიანება) 
  • მარცხენა დიდი წვივის AO/OTA 42-A1 ტიპის მოტეხილობა

პაციენტი კლინიკაში მოყვანისას მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღენიშნებოდა დეჰიდრატაცია (ტრავმის მიღების შემდეგ 24 საათზე მეტი, ტკივილის და სტრესის გამო, არ იღებდა საკვებს და წყალს), ჰიპოთერმია და ჰიპოტენზია. ასევე, ლორწოვანი გარსები ჰქონდა ფერმკრთალი. მიუხედავად ქირურგიული ჩარევის აუცილებლობისა, პაციენტის არასტაბილური მდგომარეობის გამო დაუყოვნებლივ დაიწყო ინტენსიური თერაპია და პრეოპერაციული სტაბილიზაცია. პროცესს მართავდა ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტი და ანესთეზიოლოგი ნათია რობაქიძე.

სტაბილიზაციის პარალელურად ჩატარდა დამატებითი დიაგნოსტიკა:

  • აბდომინალურმა ულტრასონოგრაფიამ (მუცლის ღრუს ექოსკოპიამ) გამოავლინა ორივე თირკმლის ექოგენობის ცვლილება, მილაკებში შეგუბებითი პროცესები, ღვიძლის სტრუქტურული ცვლილებები და მუცლის ღრუში თავისუფალი სითხე 
  • გულის ულტრასონოგრაფიული კვლევისას კი დაფიქსირდა მარცხენა წინაგულის გადიდება (LA/Ao=1,9) და ღრუ ვენის დილატაცია

პაციენტის მდგომარეობის კომპლექსური შეფასებით, იგი კვლავ მაღალი ანესთეზიოლოგიური რისკის კატეგორიაში რჩებოდა, თუმცა, ორივე უკანა კიდურის მძიმე ორთოპედიული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა გადაუდებელი იყო და დაიგეგმა ოპერაცია.

ოპერაცია იყო განსაკუთრებულად რთული, რაც რამდენიმე კრიტიკული ფაქტორით განისაზღვრა:

1. ორმხრივი ტრავმა - ორივე უკანა კიდურზე ერთდროული ქირურგიული ჩარევა საჭიროებდა ოპერაციის ხანგრძლივობის გაზრდას, რაც კიდევ უფრო ზრდიდა საანესთეზიო რისკებს.

2. Salter-Harris IV ტიპის მოტეხილობა - ეს არის სახსარშიდა მოტეხილობა, რომელიც მოიცავს როგორც მეტაფიზს, ისე ეპიფიზს. ასეთ მოტეხილობასთან ქირურგიული ჩარევა საჭიროებს მილიმეტრიულ ანატომიურ რეპოზიციას და ნებისმიერი მცირედი გადახრაც კი იწვევს სახსრის დეგენერაციას და ზრდის დარღვევას.

3. ფრაგმენტაცია - მოტეხილობა იყო მრავალფრაგმენტული, რაც მნიშვნელოვნად ართულებდა სტაბილურ ფიქსაციას და ზრდიდა იმპლანტების სწორად განლაგების მნიშვნელობას.

4. პაციენტის მძიმე მდგომარეობა - ტოკიოს ზოგადი მდგომარეობის, სასიცოცხლო მაჩვენებლების, წინასაანესთეზიო ანალიზების და ექოსკოპიური კვლევების საბოლოო შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ რჩებოდა მძიმე. 


რამდენიმესაათიანი ოპერაციის ფარგლებში:

  • მარჯვენა ბარძაყზე გამოყენებულ იქნა ორმაგი ბლოკირებული ფირფიტა და დამატებით როკთაშორისი კომპრესიული ჭანჭიკი  
  • მარცხენა დიდ წვივზე გაკეთდა ბლოკირებული ტიტანის ფირფიტით სტაბილიზაცია

ოპერაცია გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზიის მართვა უზრუნველყო ნათია რობაქიძემ. ქირურგს ასისტირებას უწევდა მარი კაპანაძე. ოპერაციის მიმდინარეობისას დაფიქსირდა არაერთი საანესთეზიო გართულება, თუმცა ყველა მათგანი დროულად და ეფექტურად იმართა.

პაციენტის მძიმე წინა საოპერაციო მდგომარეობის გამო, ოპერაციის შემდეგ პერიოდშიც მას სჭირდებოდა მონიტორნიგი. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარიუმს ამ ეტაპზე არ აქვს ღამის სტაციონარი, კლინიკის მთავარი ვეტერინარი და ანესთეზიოლოგი პაციენტის კრიტიკული მდგომარეობის გამო მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ კლინიკაში. ტოკიო იმყოფებოდა ინტენსიურ თერაპიაზე, მთელი ღამის განმავლობაში მიეწოდებოდა ჟანგბადი და ხდებოდა სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი.

მომდევნო დილით პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. განმეორებითმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა დადებითი დინამიკა, რის საფუძველზეც ტოკიო დღის ბოლოს გაეწერა კლინიკიდან და დაბრუნდა სახლში.

პაციენტის გაწერის შემდეგ, სხვა კლინიკაში ტოკიოს გაუკეთდა მელოქსიკამის ორმაგი დოზა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა.

ტოკიო ხელახლა მოიყვანეს ვეტერინარიუმში, სადაც მისი მდგომარეობა კვლავ წარმატებით მართა ნათია რობაქიძემ და კლინიკის თერაპიულმა გუნდმა. ჩატარებული ინტენსიური თერაპიის შედეგად პაციენტის სიცოცხლე კვლავ შენარჩუნდა.

პოსტს თან ერთვის ოპერაციის შემდგომი რენტგენოგრაფია. 

Ტოკიო1 Ტოკიო2 Ტოკიო3 Ტოკიო4