გულის ტამპონადა და კატის ინფექციური პერიტონიტი
26 ივლისი 2026
ჩიზი დაახლოებით 9-10 თვის მეტისი კატაა. მისი ზუსტი ასაკი უცნობია, რადგან ვეტერინარიუმში მოხვედრამდე რამდენიმე თვით ადრე ქუჩიდან აიყვანეს.
ჩიზი კლინიკა ვეტერინარიუმში სხვა კლინიკიდან კარდიოლოგთან კონსულტაციისთვის გადმოამისამართეს. ჩვენთან მომართვამდე, თავდაპირველად პატრონმა სხვა კლინიკას 8 დღით ადრე მიმართა. მისი თქმით, ჩიზის აღენიშნებოდა ლეთარგია, უმადობა და დისპნოე (გაძნელებული სუნთქვა). 8-დღიანი მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, ხოლო ბოლო 4 დღის განმავლობაში კი საკვების მიღება მთლიანად შეწყვიტა. მკურნალ ექიმს კარდიოლოგიურ პათოლოგიაზე გაუჩნდა ეჭვი, რის შემდეგაც ჩიზი ვეტერინარიუმში გადმოამისამართა.
პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესს ვეტერინარიუმის კარდიოლოგი და ანესთეზიოლოგი, ნათია რობაქიძე, მართავდა.
ფიზიკალური გამოკვლევისას ჩიზის აღენიშნებოდა ფერმკრთალი და იქტერიული (მოყვითალო) ლორწოვანი გარსები, სუსტი პერიფერიული პულსი და კაპილარული ავსების გახანგრძლივებული დრო. გულმკერდის აუსკულტაციისას გულის ტონები ყრუდ ისმოდა და რიტმი დარღვეული იყო. სუნთქვის სიხშირე წუთში 80-ზე მეტს შეადგენდა, მაშინ როდესაც კატისთვის მოსვენებულ მდგომარეობაში ნორმალური მაჩვენებელი დაახლოებით 30-35 ჩასუნთქვაა. ჩიზის ასევე აღენიშნებოდა დეჰიდრატაცია.
ფიზიკალური გამოკვლევისა და სასიცოცხლო მაჩვენებლების საფუძველზე ჩიზის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. იგი საჭიროებდა დაუყოვნებლივ დიაგნოსტიკასა და ინტენსიური თერაპიის დაწყებას.
პირველ ეტაპზე ჩატარდა TFAST (გულმკერდის მიზანმიმართული ულტრაბგერითი შეფასება), რადგან აუსკულტაციის შედეგები პერიკარდიული გამონაჟონით გამოწვეულ გულის ტამპონადაზე მიუთითებდა. ულტრაბგერითმა კვლევამ ნათია რობაქიძის ეს ეჭვი დაადასტურა.
ჩიზის სასწრაფოდ ესაჭიროებოდა პერიკარდიოცენტეზი. პერიკარდიუმში, ანუ გულის პერანგში, დაგროვილი სითხე გულის კუნთზე ზეწოლას ახდენდა, რის გამოც გული სათანადოდ ვეღარ ივსებოდა და სისხლის ეფექტიანად გადატუმბვას ვერ ახერხებდა. შედეგად დარღვეული იყო სისხლის მიმოქცევა და ორგანოების პერფუზია, ასევე განვითარებული იყო სიცოცხლისთვის საშიში არითმია.
პერიკარდიოცენტეზის ჩასატარებლად საჭირო იყო სედაცია. პატრონს დეტალურად განემარტა, რომ ჩიზის მძიმე მდგომარეობის გამო სედაცია გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა პროცედურის დაუყოვნებლივ ჩატარება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. მის გარეშე ჩიზის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. პატრონის თანხმობის შემდეგ ჩატარდა პერიკარდიოცენტეზი - ეს ვეტერინარიუმში კატისთვის ჩატარებული პირველი ასეთი პროცედურა იყო.
პროცედურის დასრულებისთანავე დაიწყო ჩიზის მდგომარეობის სტაბილიზაცია და ოქსიგენოთერაპია. ჩატარდა სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები, ასევე ელექტროლიტების კვლევა. შედეგებით გამოვლინდა ღვიძლის უკმარისობა, ჰიპოალბუმინემია და ჰიპოკალემია. დაუყოვნებლივ დაიწყო ალბუმინისა და კალიუმის დონის კორექცია.
ექოსკოპიური, ფიზიკალური და ლაბორატორიული კვლევების შედეგების შეჯერების საფუძველზე გაჩნდა კატის ინფექციური პერიტონიტის (FIP) საფუძვლიანი ეჭვი. ინტენსიურ თერაპიასთან ერთად დაიწყო FIP-ის საწინააღმდეგო სპეციფიკური მკურნალობაც.
ჩიზი ვეტერინარიუმში 7 დღის განმავლობაში მკურნალობდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა არასტაბილური იყო, თუმცა ჩატარებული მკურნალობის ფონზე სასიცოცხლო მაჩვენებლები თანდათან დასტაბილურდა. ამის შემდეგ ჩიზი სახლში გაეწერა და მკურნალობა დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელა.
ამჟამად ჩიზი თავს კარგად გრძნობს და გამოჯანმრთელებულია.
მსგავსი სიახლეები
28 ივლისი 2026
ლაშა-გიორგი ჯაფარიძის კვლევითი ვიზიტი ალდო ვეცონის კლინიკაში
25 ივლისი 2026
ურატული უროლითიაზი დალმატინელში
13 ივლისი 2026
ნინო ყუშიტაშვილის ინტენსიური პროფესიული გადამზადება ესტონეთში
11 ივლისი 2026
გიორგი ლოლაძე ესტონეთში ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებას გადის
10 ივლისი 2026