ლაშა-გიორგი ჯაფარიძე ალდო ვეცონის კლინიკაში
07 ივლისი 2026
ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარი და აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლაშა-გიორგი ჯაფარიძე, 16-29 ივლისს უკვე მეორედ მიემგზავრება იტალიაში, ალდო ვეცონის კლინიკაში - Clinica Veterinaria Vezzoni.
ვიზიტის ფარგლებში ის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ვეტერინარული ორთოპედიული კლინიკის დამფუძნებელსა და მთავარ ვეტერინართან, ალდო ვეცონისთან, იმუშავებს:
- სადოქტორო კვლევაზე
- ახალ სამეცნიერო სტატიაზე
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შვეიცარიული კომპანიის KYON-ის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების (Total Hip Replacement, THR) სისტემის ლიცენზირების საბოლოო გამოცდა.
KYON შვეიცარიული ვეტერინარული ორთოპედიული კომპანიაა, რომელიც ცნობილია წვრილ ცხოველებში სახსრების ჩანაცვლებისა და მოტეხილობების მკურნალობის მიმართულებით შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიებით. კომპანია ვეტერინარ ქირურგებსა და ბიომედიცინის ინჟინრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სისტემა, რომელმაც ძაღლებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. სისტემა ცემენტის გამოყენების გარეშე უზრუნველყოფს იმპლანტის საიმედო ფიქსაციასა და ხანგრძლივ სტაბილურობას.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ლაშა-გიორგი ჯაფარიძე გახდება ამ მიმართულებით პირველი ლიცენზირებული ვეტერინარი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ვეტერინარიუმი კი პირველი კლინიკა რეგიონში, სადაც მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირება (THR) ხელმისაწვდომი იქნება.
დამატებითი ინფორმაცია:
1. ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სადოქტორო კვლევის თემაა: „ბარძაყის ძვლის დატვირთვის შემცირება ძაღლებში ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული ართროპლასტიკის შემდეგ“. კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტია Clinica Veterinaria Vezzoni-სთან თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვეტერინარული ორთოპედიული ქირურგიის წამყვანი ცენტრია და გამოირჩევა ძლიერი კვლევითი რესურსებითა და სტანდარტიზებული დიაგნოსტიკური მიდგომებით.
2. სადოქტორო კვლევის სამეცნიერო კონსულტანტია კლინიკის დამფუძნებელი, ალდო ვეცონი - საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სფეროში. მას გაკეთებული აქვს 5 000-ზე მეტი THR ოპერაცია, რაც მსოფლიოში ვეტერინარ ქირურგებს შორის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ალდო ვეცონის CV შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.vezzoni.it/.../Aldo_CV_Long_Jan_2024_updated...
3. კვლევის მნიშვნელობა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე განსაკუთრებით დიდია, რადგან საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში მენჯ-ბარძაყის სრული პროტეზირება/ჩანაცვლება (THR) დღემდე არ არის დანერგილი.
4. ლაშა-გიორგი ჯაფარიძე პირველად ვეცონის კლინიკაში 2024 წლის სექტემბერში, ალდო ვეცონის მოწვევით, გაემგზავრა. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში ალდო ვეცონმა და ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ მომავალი სადოქტორო კვლევის მიმართულება განსაზღვრეს და კვლევის ძირითადი თეზისი ჩამოაყალიბეს.
5. KYON-ის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების ლიცენზიის მოპოვება რთული პროცესია. ამისთვის აუცილებელია KYON-ის სრული საგანმანათლებლო პროგრამის (KYON Educational Pathway) წარმატებით დასრულება. კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ უკვე წარმატებით გაიარა პროგრამის ორი ეტაპი, მათ შორის KYON-ის საერთაშორისო ქირურგიული ვორქშოფი, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ბოსტონში (აშშ) გაიმართა. იტალიაში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში კი პროგრამის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - საბოლოო სალიცენზიო გამოცდა - ჩატარდება.
მსგავსი სიახლეები
06 ივლისი 2026
მტაცებელი ფრინველი, ბატკანძერი
03 ივლისი 2026
უცხო სხეულის თორაკოსკოპიული ევაკუაცია
20 ივნისი 2026
მუშუს მაჯა-ნების სახსრის სტაბილურობის აღდგენა ნაწილობრივი ართროდეზით
15 ივნისი 2026
TPLO ოპერაცია
09 ივნისი 2026