ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია

22 აპრილი 2026

საქართველოდან პირველი სტატია ვეტერინარული ქირურგიის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში. 

ენოტი ცაცუნას შესახებ ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება საერთაშორისოდ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში. სტატია ეძღვნება ცაცუნასა და კიდევ ათობით ცხოველზე მზრუნველს და დამცველს, ქალბატონ ინგა ყაველაშვილს, რომელსაც ადრე დავპირდით, რომ საერთაშორისო ჟურნალში სტატიას გამოვცემდით  და ამ დაპირებას ვასრულებთ. 

საქართველოდან ინგლისურენოვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ვეტერინარული სტატიების რაოდენობა ძალიან მწირია. მათ შორის, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საბჭოთა პერიოდმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქართულ ვეტერინარიას, შეაფერხა რეალურ საერთაშორისო ცოდნასთან კავშირი და შექმნა მცდარი წარმოდგენა, თითქოს იმ დროს ვეტერინარია განვითარებული იყო.

ვეტერინარიუმის ერთ-ერთი მიზანია ეტაპობრივად გაზარდოს ვეტერინარული სამეცნიერო სტატიების რაოდენობა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ახალი ცოდნის შექმნას, არამედ საქართველოს ვეტერინარული სფეროს დამკვიდრებას გლობალურ პროფესიულ სივრცეში.

როდესაც ენოტი ცაცუნა მოგვიყვანა ქალბატონმა ინგა ყაველაშვილმა ლაპაროსკოპიულ სტერილიზაციაზე, ჩვენი მთავარი ვეტერინარი აქტიურად ეძებდა სანდო საერთაშორისო წყაროებს პროცედურის დეტალების შესასწავლად. შესაბამისი ხარისხის ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობდა და სწორედ ამ დროს გაუჩნდა იდეა, რომ ეს ქირურგიული ჩარევა დამუშავებულიყო როგორც კლინიკური შემთხვევის აღწერა და გამოქვეყნებულიყო საერთაშორისოდ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში.

სტატიამ უკვე გაიარა ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოქვეყნება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. 

სტატია გამოქვეყნდება Clinical Case Reports-ში, რომელიც არის ღია წვდომის საერთაშორისოდ რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი Wiley Open Access პლატფორმაზე. ეს ნიშნავს, რომ:

  • სტატიამ წარმატებით გაიარა სრულფასოვანი სამეცნიერო რეცენზირება
  • გამოქვეყნდება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აკადემიურ გამომცემელთან - Wiley
  • და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტატია თავისუფლად ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი მკითხველისთვის, რაც ზრდის მისი გავრცელების და ციტირების შესაძლებლობას

Wiley (John Wiley & Sons) არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ავტორიტეტული აკადემიური გამომცემლობა მსოფლიოში, რომელიც გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებს, აკადემიურ წიგნებსა და ენციკლოპედიებს სხვადასხვა დარგში. გამომცემლობა დაარსდა 1807 წელს აშშ-ში. იგი გამოირჩევა მაღალი სამეცნიერო სტანდარტებით, მკაცრი რეცენზირების პროცესით და მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული ჟურნალებით მედიცინის, ვეტერინარიის, ბიოლოგიის და სხვა დარგებში. Wiley Open Access პლატფორმა უზრუნველყოფს, რომ თანამედროვე კვლევები იყოს თავისუფლად ხელმისაწვდომი გლობალური სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცოდნის გავრცელებას და გამოყენებას პრაქტიკაში.

სტატიის გამოქვეყნების ხარჯი შეადგენს 1 910 აშშ დოლარს. გამოქვეყნების ხარჯს ფარავს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი.

ფოტოზე ენოტი ცაცუნა ქალბატონ ინგას ჩაბღაუჭებულია.

Enoti