ნუცა ბესაშვილი ESAVS-ის პროგრამაში
20 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თერაპევტი და ექოსკოპისტი, ნუცა ბესაშვილი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ვეტერინარული სკოლის - European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS) - შინაგანი მედიცინის საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამით გადამზადებას გაივლის.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 4 300 ევროს, რომელსაც სრულად დაფარავს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ სტრატეგიულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც განათლებაში ინვესტირება არის მთავარი გზა პროფესიული ხარისხის ზრდისა და ქვეყნის განვითარებისათვის.
ჩვენთვის ვეტერინარიის განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში შემოტანას. მსგავსი პროგრამები გვაძლევს შესაძლებლობას, ადგილობრივ კლინიკურ პრაქტიკაში მეტად დაინერგოს ის მიდგომები, რომლებიც უკვე დამკვიდრებულია ევროპისა და მსოფლიოს წამყვან ვეტერინარულ ცენტრებსა და უნივერსიტეტებში.
შინაგანი მედიცინის პროგრამა არის ძალიან კომპლექსური და აერთიანებს ჰემატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის თანამედროვე მიდგომებს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლინიკური შემთხვევების საერთაშორისო პროტოკოლების გათვალისწინებით მართვას, ასევე ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაციას. პროგრამის დასკვნით ნაწილში კი განიხილება კოაგულაცია და კოაგულაციის დარღვევები.
ESAVS-ის სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო კურსებს ვეტერინარულ კლინიკურ დისციპლინებში. სწავლება დაფუძნებულია ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, გამოცდებსა და კლინიკურ პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. პროგრამები ტარდება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით, დაახლოებით 20 ქვეყანაში. ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც გერმანიის ვეტერინართა ფედერალური პალატის (Bundestierärztekammer - BTK) ფარგლებში მოქმედებს. ეს აკრედიტაცია შეესაბამება ამერიკის ვეტერინარული უწყვეტი განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის ვეტერინარ ქირურგთა სამეფო კოლეჯიის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს.
მსგავსი სიახლეები
19 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის თანამშრომლის, ბარბარე ქურციკიძის ქრონიკები ბუქარესტიდან
19 აპრილი 2026
დილატაციური კარდიომიოპათია კოკერ სპანიელებში
18 აპრილი 2026
ძაღლში ბაბეზიოზის, ერლიხიოზისა და IMHA-ს დიაგნოსტიკა და მართვა
17 აპრილი 2026
ბარბარე ქურციკიძე ESAVS-ის საერთაშორისოდ აკრედიტებულ ქირურგიულ პროგრამაში
15 აპრილი 2026