პერიკარდიოცენტეზი ვეტერინარიუმში - ძალიან რთული კლინიკური შემთხვევა

15 აპრილი 2026

შელბი 7 წლის კოკერსპანიელია, რომელიც ვეტერინარიუმში კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანეს. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე მას სხვა კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა დიაგნოზი დადგენილი არ იყო და მისი მდგომარეობა კი უფრო და უფრო მძიმდებოდა. 

ვეტერინარიუმში შელბის დაუყოვნებლივ ჩაუტარდა გულმკერდის ულტრაბგერითი კვლევა, რომელმაც გამოავლინა პერიკარდიუმში (გულის პერანგი) დიდი რაოდენობით გამონაჟონი სითხე, რაც გულის კუნთზე ახდენდა ძლიერ კომპრესიას. აღნიშნულმა მდგომარეობამ გამოიწვია გულის ტამპონადა - სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას. ასეთ დროს პერიკარდიუმში დაგროვილი სითხე ხელს უშლის გულის სრულფასოვან გაშლას და ორგანიზმის ადეკვატურ ჰემოდინამიკას, რის შედეგადაც ირღვევა ორგანოთა სისხლით მომარაგება და სწრაფი ჩარევის გარეშე ვითარდება შეუქცევადი პროცესები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის დაღუპვა. გარდა ამისა, შელბის მუცლის ღრუშიც ჰქონდა დიდი რაოდენობით თავისუფალი სითხე, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას. 

ულტრაბგერითი კვლევების საფუძველზე ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ მიიღო გადაწყვეტილება პერიკარდიოცენტეზის ჩატარების შესახებ. პროცედურა პერიკარდიუმიდან სითხის ევაკუაციას გულისხმობს ულტრაბგერითი კვლევის დახმარებით, კათეტერის მეშვეობით. 

იმის გამო, რომ შელბის აღენიშნებოდა დისპნოე და ვერ ახერხებდა ერთ ადგილას გაჩერებას, მისი ფიზიკური ფიქსაცია დამატებით ზრდიდა სიკვდილის რისკს. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სედაციის გამოყენების შესახებ. კრიტიკულად მძიმე პაციენტში სედაცია გასაკუთრებით რთულია, თუმცა ნათია რობაქიძის საერთაშორისო პროფესიული გადამზადება როგორც ანესთეზიოლოგიაში, ისე კარდიოლოგიაში, უზრუნველყოფდა პროცესის ღრმა და ჰოლისტიკურ გააზრებას.

პერიკარდიოცენტეზის პროცედურა წარმატებით დასრულდა. პერიკარდიუმიდან სითხის სრული ასპირაცია განხორციელდა, რის შემდეგაც გულის ჰემოდინამიკა დასტაბილურდა და დაიწყო პაციენტის  ინტენსიური თერაპია.

შელბის ასევე ჩაუტარდა აბდომინოცენტეზი, რომლის შედეგადაც მუცლის ღრუდანაც მოხდა სითხის ევაკუაცია. ამის შემდეგ ლაბორატორიული კვლევებით გამოვლინდა ელექტროლიტების დისბალანსი, რომელიც ასევე სიცოცხლისთვის საშიში იყო და დამატებით საჭიროებდა კორექციას. შესაბამისად, შელბი ვეტერინარიუმში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის ქვეშ და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  მისი მდგომარეობის დასტაბილურება.

პაციენტის ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი საბოლოო დადგინდა და აღმოჩნდა გულის კედელზე არსებული სიმსივნური წანაზარდი. შელბის მდგომარეობის დასტაბილურებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფიით და გულის ულტრაბგერითი კვლევითაც დადასტურდა წანაზარდის არსებობა. 

მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, შელბი სტაბილურ მდგომარეობაშია, მას დაუბრუნდა აქტიურობა და პერიოდულად უტარდება განმეორებითი კვლევები გულის ფუნქციისა და წანაზარდის შეფასების მიზნით. 

Შელბი