პუდელი დობის წარმატებული ოპერაცია

13 აგვისტო 2026

ნეიროქირურგია ვეტერინარიუმში - პუდელი დობის წარმატებული ოპერაცია. 

პუდელს, დობის პერიოდულად უჭირდა გადაადგილება, ტკივილს განიცდიდა სიარულისა და კისრის მოძრაობის დროს, ღამით კი ხშირად ტიროდა.

ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, დობის კომპიუტერული ტომოგრაფია დაუნიშნა. კვლევა კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში - Vet CT • ვეტ სითი-ში ჩატარდა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულებების შესწავლის შედეგად ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ კისრის მეორე და მესამე მალებს (C2-C3) შორის მარჯვენამხრივი მალთაშუა დისკის თიაქარი გამოავლინა. ამ დროს დისკის მასალა ხერხემლის არხში ინაცვლებს და ზეწოლას ახდენს ზურგის ტვინსა და ნერვულ სტრუქტურებზე, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს, მოძრაობის გაძნელებასა და ნევროლოგიურ დარღვევებს.

დობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესახებ. ოპერაციამდე ვეტერინარიუმში პაციენტს ჩაუტარდა მნიშვნელოვანი წინასაანესთეზიო კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი მორფოლოგიით, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი და ელექტროლიტების დონის განსაზღვრა
  • გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა

კვლევის შედეგები შეისწავლა ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მან შეიმუშავა პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური საანესთეზიო პროტოკოლი, რომელიც საანესთეზიო რისკების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფდა.

წინასაანესთეზიო კვლევების შემდეგ დობის ვეტერინარიუმში ჩაუტარდა რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ვენტრალური სლოტის ტექნიკით (ventral slot). ამ მეთოდის დროს კისრის ქვედა ნაწილიდან მალებში იქმნება მცირე ქირურგიული ღიობი, რომლის გავლითაც ხერხემლის არხში თიაქრად გამოსული დისკის მასალის ამოღება ხდება და ზურგის ტვინი ზეწოლისგან თავისუფლდება.

ეს ოპერაცია განსაკუთრებით ზუსტ და ფრთხილ მუშაობას მოითხოვს, რადგან ქირურგიული ჩარევა ზურგის ტვინის, ნერვული სტრუქტურებისა და მნიშვნელოვანი სისხლძარღვების უშუალო სიახლოვეს ტარდება. რამდენიმე მილიმეტრის სივრცეში აუცილებელია თიაქრის მასალის უსაფრთხოდ მოცილება ისე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურები არ დაზიანდეს.

ოპერაცია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ჩაატარა. მას ასისტირებას უწევდა ლუკა ღლონტი, ხოლო ანესთეზიას ნათია რობაქიძე მართავდა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ოპერაციიდან უკვე რამდენიმე დღეში დობი თავისუფლად გადაადგილდება. 

Dobi1 (1) Dobi2 (1) Dobi3 (1) Dobi4 (1)