რთული ნეიროქირურგიული ოპერაციიდან მე-3 დღე

29 აპრილი 2026

ფრანგული ბულდოგი, ბონდო სხვა კლინიკიდან გადმოამისამართეს კახა ბენდუქიძის კამპუსში მდებარე კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრში - Vet CT • ვეტ სითი, რადგან მას უეცრად განუვითარდა უკანა კიდურების პარეზი და გადაადგილდებოდა მხოლოდ წინა კიდურებით.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულების შესწავლის შედეგად ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, დაადგინა L3-L4 მალთაშორისი დისკის ექსტრუზია, რაც გულისხმობს დისკის მასის მწვავე გამოდინებას ზურგის ტვინის არხში და მის ძლიერ კომპრესიას. მსგავსი კლინიკური სურათი ყოველთვის მოითხოვს გადაუდებელ და მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკას, რადგან დროული ჩარევა გადამწყვეტია ნევროლოგიური ფუნქციის აღდგენისათვის. 

ბონდოს მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესახებ. ვეტერინარიუმში ჩატარდა ჰემილამინექტომია დისქექტომიასთან ერთად, რომლის დროსაც განხორციელდა ზურგის ტვინის დეკომპრესია. აღნიშნული ოპერაცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურად რთულ ნეიროქირურგიულ პროცედურად წვრილ ცხოველებში. ოპერაციის სირთულე განპირობებულია რამდენიმე კრიტიკული ფაქტორით: 

  • ქირურგი მუშაობს ზურგის ტვინის უშუალო სიახლოვეს, სადაც ნებისმიერმა მცირე შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი პარალიზი ან ნევროლოგიური პრობლემის კიდევ უფრო გართულება
  • ოპერაცია მოითხოვს ძვლოვანი სტრუქტურების ზუსტ და კონტროლირებულ რეზექციას ისე, რომ არ დაირღვეს ხერხემლის სტაბილურობა/ერთიანობა
  • დისკის ექსტრუზირებული მასის სრულად და უსაფრთხოდ ამოღება ტექნიკურად რთულია, რადგან იგი ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვულ სტრუქტურებთან
  • გარდა ამისა, ბრაქიცეფალურ ჯიშებში, როგორიცაა ფრანგული ბულდოგი, ანესთეზიური მართვა თავისთავად დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული და საჭიროებს მაღალი დონის ანესთეზიოლოგიურ გამოცდილებას 

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უკვე ოპერაციიდან მე-3 დღეს ბონდომ დაიწყო უკანა კიდურების გამოყენება და დამოუკიდებლად გადაადგილება, როგორც ეს ვიდეოში ჩანს. ამჟამად პაციენტი გადის რეაბილიტაციას  და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. 

ოპერაცია გააკეთა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ და მას ასისტირებას უწევდნენ ბარბარე ქურციკიძე და ნუცა ბესაშვილი, ხოლო ანესთეზია მართა ნათია რობაქიძემ. 

Ბონდო