სალომე ბადიაშვილი ბრიტანული ორგანიზაციის, VetCPD-ის ონლაინ კურსებს გაივლის
10 მაისი 2026
სალომე ბადიაშვილი ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტია თერაპიისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით.
კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით, ის გაივლის ბრიტანული ორგანიზაციის, VetCPD-ის ონლაინ კურსებს:
- კანის ციტოლოგიაში
- შინაგანი ორგანოების ციტოლოგიაში
კანის ციტოლოგიის კურსი (Skin Cytology for General Practice) მოიცავს წვრილ ცხოველებში კანის ციტოლოგიური კვლევის საფუძვლებს - სინჯის აღების ტექნიკებიდან და პრეპარატის შეფასების მეთოდებიდან დაწყებული, ყველაზე გავრცელებული ანთებითი და ნეოპლაზიური პროცესების ციტოლოგიური ნიშნების შესწავლით დასრულებული. კურსის ფარგლებში ასევე განხილული იქნება კლინიკური შემთხვევები და დიაგნოსტიკური ალგორითმები.
შინაგანი ორგანოების ციტოლოგიის კურსი (Cytology of the Internal Organs) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ვეტერინარულ მედიცინაში, რადგან შინაგანი ორგანოების ციტოლოგიური შეფასება ხშირად საშუალებას იძლევა, სწრაფად და მინიმალურად ინვაზიური მეთოდით მოხდეს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის, განსაკუთრებით კი ნეოპლაზიური დაზიანებების, დიაგნოსტიკა. კურსი მოიცავს ძაღლებსა და კატებში შინაგანი ორგანოების ყველაზე გავრცელებული ცვლილებების ციტოლოგიურ შეფასებას, განსაკუთრებული ყურადღებით სიმსივნურ დაზიანებებზე. განხილული იქნება როგორც გულმკერდის ღრუს ორგანოები, ისე მუცლის ღრუს ორგანოები.
სალომე ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია.
საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და Estonian University of Life Sciences-ს შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სალომემ ერთი სემესტრი ისწავლა ესტონეთში. სწავლის პერიოდში მან ყველა საგანი უმაღლესი A შეფასებით დაასრულა და გაიარა ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინები, როგორიცაა: ვეტერინარული მიკრობიოლოგია, ცხოველთა ინფექციური დაავადებები, პათოლოგიური მორფოლოგია, ვეტერინარული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სურსათის ჰიგიენის საფუძვლები, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ცხენის კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მეანობა და გინეკოლოგია, ინფორმატიკა და ბიომეტრია.
ამჟამად, სალომე ვეტერინარიუმის მთავარ ვეტერინართან, ლაშა-გიორგი ჯაფარიძესთან, აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორთან, ნათია სამუშიასთან და პროფესორ გიორგი მელაშვილთან ერთად მუშაობს ვეტერინარიუმში ბაქტერიოლოგიური კვლევის დანერგვაზე, რომელიც ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი პაციენტებისთვის.
მსგავსი სიახლეები
08 მაისი 2026
მარი კაპანაძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გაივლის
07 მაისი 2026
ვეტერინარიუმის უნიკალური ქირურგიული სივრცე
06 მაისი 2026
გასტროსკოპია Vetina ES3-ის გამოყენებით
05 მაისი 2026
კომპანიონი ცხოველების ვეტერინარული შინაგანი მედიცინის ევროპული კონგრესი
04 მაისი 2026