სალომე ბადიაშვილი მიკრობიოლოგიის საერთაშორისო კონფერენციაზე
08 აგვისტო 2026
ვეტერინარიუმის ვეტერინარი ასისტენტი სალომე ბადიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მიკრობიოლოგიურ საზოგადოებათა საერთაშორისო კავშირის (International Union of Microbiological Societies – IUMS) მე-19 სამეცნიერო კონგრესში.
IUMS-ის კონგრესი მიკრობიოლოგიის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც წელს 4-6 ნოემბერს ლისაბონში, პორტუგალიაში გაიმართება.
სალომე ბადიაშვილის მონაწილეობა კონგრესში ფინანსდება IUMS-ის და კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ.
სამეცნიერო კონგრესის ფარგლებში სალომე წარადგენს მოხსენებასა და სამეცნიერო პოსტერს საკუთარ კვლევაზე: „ხანგრძლივად მოცირკულირე და ქსოვილებში დაყოვნებადი ბაქტერიოფაგების გამოყვანის ტექნოლოგიური ციკლის დამუშავება თაგვის მოდელზე“. აღსანიშნავია, რომ სალომე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტია, ხოლო კონგრესზე წარსადგენი კვლევა მისი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ხორციელდება.
IUMS-ის კონგრესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულების მიკრობიოლოგებს, მკვლევარებსა და დარგის სპეციალისტებს და მოიცავს მიკრობიოლოგიის ძირითად მიმართულებებს:
- ბაქტერიოლოგიას
- ვირუსოლოგიას
- მიკოლოგიასა და სხვა ეუკარიოტულ მიკრობიოლოგიას
IUMS 2026-ის მთავარი თემაა - „მიკროსკოპის მიღმა: ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციები მიკრობიოლოგიაში“. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევების განვითარებასა და სფეროს მომავალს განსაზღვრავს.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მოხსენებებს, თემატურ სამეცნიერო სესიებს, ინტერდისციპლინურ სესიებსა და ვორქშოფებს. ღონისძიება მკვლევარებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კვლევები და მიღებული შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო აუდიტორიას წარუდგინონ.