საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.

24 აგვისტო 2026

გერმანული ნაგაზი, ზეკე საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის კომპანიონი ძაღლია, რომელიც მარცხენა უკანა კიდურით კოჭლობდა. ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ორთოპედიული გასინჯვისა და რენტგენოლოგიური კვლევის შედეგების შეფასების საფუძველზე პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრების ბილატერალური დისპლაზია დაუდგინა. ზეკეს მარცხენა უკანა კიდურზე III ხარისხის კოჭლობა აღენიშნებოდა.

კოჭლობის პროგრესირების შესაჩერებლად და მარცხენა უკანა კიდურის სრულფასოვანი ფუნქციის აღსადგენად, ზეკეს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა KYON-ის ციურიხის უცემენტო პროთეზირების სისტემით. აღნიშნული ქირურგიული ოპერაცია საქართველოში ცხოველს პირველად ჩაუტარდა.

გარდა ამისა, ვინაიდან ზეკე პერიპროთეზული მოტეხილობის მაღალი რისკის მქონე პაციენტი იყო, ბარძაყის ძვლის დამატებითი სტაბილიზაციისთვის ქირურგებმა პროფილაქტიკურად გამოიყენეს ბლოკირებული ფირფიტა. ამ მიდგომის მიზანი ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში პროთეზის გარშემო ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკის შემცირება იყო.

KYON-ის ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების სისტემა. 

KYON-ის ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების სისტემა (Z-THR) წამყვანი შვეიცარიული ვეტერინარული ორთოპედიული კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციურად დახვეწილი პროთეზირების სისტემაა. მან მნიშვნელოვნად შეცვალა ძაღლებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროპლასტიკის მანამდე არსებული პრაქტიკა, რადგან ძვლის ცემენტის გამოყენების გარეშე უზრუნველყოფს იმპლანტის მყარ პირველად ფიქსაციასა და ხანგრძლივ სტაბილურობას.

ვეტერინართა გუნდი. 

ოპერაცია ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა. მას ასისტირებას უწევდა ბელგიელი ვეტერინარი ორთოპედი ქირურგი და KYON-ის ინსტრუქტორი კრის ქემფსი (Kris Camps), რომელიც ამ ოპერაციების ჩასატარებლად სპეციალურად ეწვია საქართველოს.

კრის ქემფსმა ვეტერინარული განათლება ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ნაწილი ნიდერლანდებსა და შვედეთს უკავშირდება. ქირურგ ქემფსის განსაკუთრებული პროფესიული ინტერესებია მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება (THR), ართროსკოპია, TTA, TTA2 და TPLO პროცედურები, კიდურების დეფორმაციების კორექცია და ართროდეზი.

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების მიმართულებით KYON-ის საერთაშორისო გადამზადების პროგრამა წარმატებით გაიარა. იგი გადამზადდა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, Movora-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სპეციალიზირებულ ტრენინგზე, ისე იტალიაში, KYON-ის წამყვან ინსტრუქტორსა და გამორჩეულ ვეტერინარ ორთოპედ ქირურგთან, ალდო ვეცონისთან.

რამდენიმესაათიანი და რთული ანესთეზიოლოგიური პროცესი პროფესიონალურად მართა ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა და კარდიოლოგმა, ნათია რობაქიძემ. წინასაანესთეზიო ლაბორატორიული კვლევებისა და ექოკარდიოგრაფიის შედეგების გათვალისწინებით, მან ზეკესთვის ინდივიდუალური საანესთეზიო პროტოკოლი შეიმუშავა.

ქირურგებს ასისტირებას უწევდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტი მარიამ კაპანაძე.

ზეკეს რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა ვეტერინარიუმი პირველი დაწესებულება გახდა რეგიონში, სადაც ცხოველებისთვის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება უცემენტო პროთეზირების სისტემით არის ხელმისაწვდომი.

პოსტს თან ახლავს ვეტერინარიუმში გადაღებული ფოტოები და ზეკეს ოპერაციის შემდგომი რენტგენის სურათი. 

Zeke1 Zeke2 Zeke3 Zeke4 Zeke5