სომხეთიდან ვეტერინარიუმში პაციენტი ჩამოიყვანეს რთული ოპერაციის გასაკეთებლად.
03 მარტი 2026
სომხეთიდან ვეტერინარიუმში პაციენტი ჩამოიყვანეს რთული ოპერაციის გასაკეთებლად.
სომხეთში გოლდენ რეტრივერს, ჯესის, დაუდგინდა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა. სომხეთშივე ჩაუტარდა ოპერაცია ლატერალური ნაკერის ტექნიკით, თუმცა სამწუხაროდ პოსტოპერაციულად განვითარდა ინფექცია, რასაც თან ახლდა ჩირქოვანი დენა.
ინფიცირება განსაკუთრებით საშიშია სახსრის ქირურგიაში, რადგან:
• ინფექცია სწრაფად ვრცელდება სახსარში და იწვევს სეპტიკურ ართრიტს
• აზიანებს ხრტილსა და მიმდებარე სტრუქტურებს
• ხელს უშლის ქსოვილების ნორმალურ შეხორცებას
• მნიშვნელოვნად ამცირებს ნებისმიერი შემდგომი ქირურგიული ჩარევის წარმატების შანსს
ოპერაციისას დიდი ალბათობით ადგილი ჰქონდა იატროგენულ დაზიანებას ლატერალური და მედიალური კოლატერალური იოგების, უკანა ჯვარედინი იოგისა და მენისკების მხრივ. შედეგად ჯესი პრაქტიკულად ვერ იყენებდა მარცხენა უკანა კიდურს.
კოლატერალური იოგების დაზიანების პირობებში მუხლის სრული პროთეზირება არ არის მიზანშეწონილი.
პაციენტის პატრონი დაუკავშირდა ვეტერინარიუმს და ჯესი სომხეთიდან ჩამოიყვანა ოპტიმალური გამოსავლის პოვნის მიზნით.
კლინიკის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის გადაწყვეტილებით პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია ოპერაციის ზუსტი დაგეგმვისათვის.
მიღებული მონაცემების საფუძველზე დაიგეგმა ინდივიდუალური, პაციენტზე მორგებული სამგანზომილებიანი იმპლანტის დამზადება შესაბამისი ქირურგიული გაიდლაინების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტისა და საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
შედეგად ჯესის ჩაუტარდა მუხლის სახსრის ართროდეზი.
მუხლის ართროდეზი წარმოადგენს რთულ და ტექნიკურად კომპლექსურ ოპერაციას. პროცედურის დროს სახსარი ფიქსირდება ფუნქციურად ხელსაყრელ პოზიციაში და ძვლები ერთმანეთთან შერწყმის გზით ერთიანდება. ამ მეთოდით სრულად ქრება ტკივილი და აღდგება კიდურის საყრდენი ფუნქცია.
ოპერაცია ჩაატარა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. ანესთეზია მართა ნათია რობაქიძემ. ასისტენტები იყვნენ ლუკა ღლონტი და გიორგი ლოლაძე.
ჯესი უკვე სომხეთშია და რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
07 მაისი 2026
ვეტერინარიუმის უნიკალური ქირურგიული სივრცე
06 მაისი 2026
გასტროსკოპია Vetina ES3-ის გამოყენებით
05 მაისი 2026
კომპანიონი ცხოველების ვეტერინარული შინაგანი მედიცინის ევროპული კონგრესი
04 მაისი 2026
კოკოს ლაპაროსკოპიული სტერილიზაცია ვეტერინარიუმში
01 მაისი 2026