თანდაყოლილი გულის მანკი

27 აგვისტო 2026

ეს არის მოლი, 6 წლის გერმანული ნაგაზი, რომელსაც წინასაანესთეზიო გამოკვლევისას თანდაყოლილი გულის მანკი დაუდგინდა. იგი ვეტერინარიუმში თათზე არსებული რბილი ქსოვილის წანაზარდის გამო მოიყვანეს. წანაზარდიდან აღებული მასალის ციტოლოგიური კვლევით სიმსივნური პროცესი გამოვლინდა, რის გამოც მისი ქირურგიული მოკვეთა დაიგეგმა.

ოპერაციის დაგეგმვისა და საანესთეზიო რისკების შეფასების მიზნით მოლის გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა. კვლევის შედეგად ვეტერინარიუმის კარდიოლოგმა და ანესთეზიოლოგმა, ნათია რობაქიძემ, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი გამოავლინა. წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის არსებული ძგიდის მთლიანობა დარღვეულია. შედეგად სისხლი ერთი წინაგულიდან მეორეში გადადის, რაც ცვლის გულის ჰემოდინამიკას და შესაძლოა, გულის მარჯვენა ნაწილისა და ფილტვის სისხლძარღვების გადატვირთვა გამოიწვიოს.

მოლის წანაზარდი თითის ფალანგზე ჰქონდა. იგი დროთა განმავლობაში ზომაში იზრდებოდა და მუდმივ გაღიზიანებასა და დისკომფორტს იწვევდა, ამიტომ მისი მოკვეთა აუცილებელი იყო. თუმცა გულის მანკისა და ძგიდის დეფექტის დიდი ზომის გამო საანესთეზიო რისკები მაღალი იყო.

მოლის პატრონმა მხოლოდ წინასაანესთეზიო გამოკვლევისას შეიტყო, რომ მის ძაღლს თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა. მოლის ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდა, რის საფუძველზეც პატრონი გულის პათოლოგიაზე ეჭვს მიიტანდა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინული შემოწმება, განსაკუთრებით კი ქირურგიული პროცედურების წინ. 

მოლის პატრონს ოპერაციასა და ანესთეზიასთან დაკავშირებული რისკები განემარტა. მიუხედავად სირთულეებისა, მან მოლისთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ოპერაცია გააკეთა კლინიკის მთავარმა ვეტერინარმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ხოლო ანესთეზიისას განვითარებული გართულებები ნათია რობაქიძის მიერ სათანადოდ იმართა.

ოპერაციის დასრულების შემდეგ მოლი რამდენიმე საათის განმავლობაში ქირურგიულ სტაციონარში დარჩა, სადაც ჟანგბადის თერაპიას იღებდა და მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ იგი სახლში გაეწერა.

Ვეტ1 (2) Ვეტ2 (2) Ვეტ3 (2)