TPLO ოპერაცია
15 ივნისი 2026
ვეტერინარიუმში TPLO ოპერაცია ჩაუტარდა მეტისს მურას, რომლის რეაბილიტაციაც წარმატებით წარიმართა.
მურას დაუდგინდა წინა ჯვარედინი იოგის (cranial cruciate ligament) ნაწილობრივი გაწყვეტა და მას აღენიშნებოდა III ხარისხის კოჭლობა.
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მკურნალობის მეთოდად ითვლება ქირურგიული ჩარევა – დიდი წვივის ნიველირებადი ოსტეოტომია (TPLO – Tibial Plateau Leveling Osteotomy). ეს მეთოდი საერთაშორისოდ ოქროს სტანდარტად არის აღიარებული და ხასიათდება მაღალი (90–95%) წარმატების მაჩვენებლით. იგი ცხოველს სრულფასოვან მოძრაობის ფუნქციას უბრუნებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
ვეტერინარიუმში ოპერაციის დასაგეგმად კლინიკის მთავარი ვეტერინარი და ქირურგიის განყოფილების უფროსი ლაშა-გიორგი ჯაფარიძე იყენებს ლიცენზირებულ პროგრამას – vPOP PRO-ს (Veterinary Preoperative Orthopaedic Planning). ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა ვეტერინარული ორთოპედიული ოპერაციების დაგეგმვისთვის. იგი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ძვლების ზომები, შეირჩეს ოპტიმალური იმპლანტები და წინასწარ შეფასდეს ოპერაციის სავარაუდო შედეგები.
მურას ოპერაციამდე ჩაუტარდა შემდეგი დიაგნოსტიკური გამოკვლევები:
- რენტგენოგრაფია
- ლაბორატორიული ანალიზები (სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, ელექტროლიტების ანალიზი)
- გულის ულტრასონოგრაფია
ლაბორატორიული და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ოპერაციის დაგეგმვისას, ისე ანესთეზიის უსაფრთხო მართვისთვის.
ივნისში პაციენტს TPLO ქირურგიული ჩარევა გაუკეთდა ლაშა-გიორგი ჯაფარიძის მიერ, რომელსაც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ამ მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება (Advanced TPLO – The Next Level) აქვს გავლილი ბულგარეთში. ლაშა-გიორგი ფლობს ვეტერინარიის მაგისტრის ხარისხს. ასევე, ის არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი და ქირურგიული საგნების ლექტორი.
ქირურგს ასისტირებას უწევდა ბარბარე ქურციკიძე, რომელმაც წარმატებით გაიარა ESAVS-ის ქირურგიის კურსი რუმინეთში.
ანესთეზიის პროცესი წარმართა ნათია რობაქიძემ, რომელსაც ანესთეზიის მიმართულებით სპეციალიზებული გადამზადება აქვს გავლილი პოლონეთში, ესტონეთსა და იტალიაში.
მსგავსი სიახლეები
09 ივნისი 2026
ბლოკირებული ინტრამედულარული ღეროთი მოტეხილობის მკურნალობა
05 ივნისი 2026
ბარბარე ქურციკიძე ესტონეთში პროფესიულ გადამზადებას გაივლის
02 ივნისი 2026
მაჯის სახსრის ართროდეზის წარმატებული ოპერაცია ვეტერინარიუმში
26 მაისი 2026
კრიტიკული ანემიისა და თანმხლები კარდიოლოგიური პათოლოგიის მართვა
18 მაისი 2026