ურატული უროლითიაზი დალმატინელში
25 ივლისი 2026
11 ივლისს კლინიკა ვეტერინარიუმს სამკურნალოდ მომართა 3 წლის დალმატინელმა, სახელად ჩარლიმ. მას აღენიშნებოდა პოლაკიურია (ხშირი შარდვა) და ჰემატურია (სისხლიანი შარდი), მათ შორის, სისხლის კოლტებით.
ჩარლის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესი მართა ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტმა მარიამ ბერიშვილმა.
მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტიკის მიზნით ჩარლის ჩაუტარდა კომპლექსური გამოკვლევები: მუცლის ღრუს სრული ულტრასონოგრაფია, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზები, ასევე შარდის ლაბორატორიული კვლევა. ყველა ლაბორატორიული კვლევა ვეტერინარიუმის ლაბორატორიაში ჩატარდა.
ულტრასონოგრაფიული კვლევით გამოვლინდა შარდის ბუშტის კედლის მკვეთრი გასქელება და უროლითიაზი - შარდის ბუშტში ნალექისა და წვრილი კენჭების არსებობა. შარდის ანალიზმა დაადასტურა ურატული ტიპის ნალექის არსებობა.
დალმატინელის ჯიშის ძაღლებში თითქმის 100%-იანი სიხშირით გვხვდება SLC2A9 გენის მუტაცია, რაც იწვევს ჰიპერურიკოზურიას (HUU). ამ დროს დარღვეულია შარდმჟავას ალანტოინად მეტაბოლიზმი, რაც შარდში ურატების დალექვასა და შარდის ბუშტსა თუ თირკმლებში უროლითების (კენჭების) წარმოქმნას იწვევს.
გენეტიკური ფაქტორის გარდა, ურატული უროლითიაზის მიზეზი შესაძლოა იყოს ღვიძლის თანდაყოლილი სისხლძარღვოვანი ანომალია - პორტოსისტემური შუნტი. ჩარლის შემთხვევაში ჩატარებული ბიოქიმიური და ულტრასონოგრაფიული კვლევებით ღვიძლის პათოლოგია გამოირიცხა, რაც მიუთითებს, რომ პროცესი ჯიშობრივ-გენეტიკური ხასიათისაა. ამასთანავე, ულტრასონოგრაფიული კვლევით თირკმლებში ნეფროლითიაზი (კენჭების არსებობა) არ გამოვლენილა.
უროლითიაზის მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი შარდის ბუშტიდან კენჭებისა და ნალექის სრული ევაკუაციაა. ვინაიდან ჩარლის შემთხვევაში წარმონაქმნები მცირე ზომის იყო, ჩატარდა შარდის ბუშტის ამორეცხვა (ლავაჟი). კათეტერიზაციის, სტერილური ხსნარებისა და ფრთხილი ასპირაციის ტექნიკის გამოყენებით შარდის ბუშტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ურატული ნალექისა და წვრილი კენჭებისგან.
ურატების ხელახალი დალექვის პრევენციის მიზნით ჩარლის დაენიშნა სპეციალიზებული სამკურნალო დიეტა, რომელიც ხელს უწყობს შარდის pH-ის ოპტიმიზაციას და შარდმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევით გამოწვეული ურატების წარმოქმნის შემცირებას.
ჩარლის უკვე აღენიშნება სიმპტომების გაუმჯობესება და იგი შესაბამის მკურნალობას განაგრძობს.
მსგავსი სიახლეები
24 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება გაუკეთდა.
21 აგვისტო 2026
საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა.
18 აგვისტო 2026
მარიამ ბერიშვილი ESAVS-ის პროგრამით, გადამზადებას გაივლის
16 აგვისტო 2026
ბიმის კვირისტავის ფრაგმენტული მოტეხილობის ოპერაცია
15 აგვისტო 2026