ძაღლში ბაბეზიოზის, ერლიხიოზისა და IMHA-ს დიაგნოსტიკა და მართვა
18 აპრილი 2026
ბაბეზიოზის, ერლიხიოზისა და იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემიის (IMHA) დიაგნოზი ძაღლში.
შურა 9 წლის ძუ მეტისი ძაღლია, რომელიც კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს. პატრონის ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა უმადობა, უენერგიობა და ღებინება. კლინიკაში ფიზიკური დათვალიერებისას კლინიკური ნიშნების საფუძველზე, ვეტერინარიუმის ფართო პროფილის თერაპევტმა, ნინო ყუშიტაშვილმა, ეჭვი მიიტანა ანემიაზე.
კლინიკის ლაბორატორიაში ჩატარებულმა სისხლის საერთო ანალიზმა დაადასტურა ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცირება. ასევე გამოვლინდა თრომბოციტოპენია და ლეიკოციტოზი. ანემია შეფასდა როგორც კრიტიკული. ჰემატოკრიტი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული ნორმის ქვედა ზღვართან შედარებით. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სისხლის ტრანსფუზია აუცილებელ ჩარევად ჩაითვალა.
დონორის მოძიების პარალელურად, პაციენტს უტარდებოდა ინფუზიური და სიმპტომური თერაპია და მიმდინარეობდა სასიცოცხლო მაჩვენებლების ინტენსიური მონიტორინგი.
შურას მდგომარეობის სიმძიმის გამო, კლინიკა ვეტერინარიუმმა საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია დონორის საჭიროების შესახებ. ძალიან მალე გამოჩნდა დონორი - ჩვენი საყვარელი პაციენტი ლაბრადორი ლუნა, რომელმაც შურას სისხლი გადასხმა და გადარჩენის შანსი მისცა.
სწორედ ამ შემთხვევის შედეგად გაგვიჩნდა იდეა დაგვეფუძნებინა ვეტერინარიუმის დონორი სუპერგმირების კლუბი, რომლის პირველი წევრიც ლუნა გახდა და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ყველა სერვისით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
ჰემოტრანსფუზია მიმდინარეობდა 4 საათის განმავლობაში. ტრანსფუზიის შემდეგ, შურას მდგომარეობაში აღინიშნა დადებითი დინამიკა: გახდა უფრო აქტიური და დაიწყო საკვების მიღება.
თუმცა, იმუნური მექანიზმების გამო, გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა ტრანსფუზიით მიღებული ერითროციტების დაშლა, რის გამოც მიღებული კლინიკური გაუმჯობესება დროებითი ხასიათის შეიძლება იყოს. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ანემიის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება და მიზანმიმართული მართვა.
ნინო ყუშიტაშვილის გადაწყვეტილებით ჩატარდა დამატებითი დიაგნოსტიკა, რის საფუძველზეც პაციენტს დაესვა დიაგნოზი - ბაბეზიოზით გამოწვეული იმუნოგანპირობებული ჰემოლიზური ანემია (IMHA) და ერლიხიოზი. IMHA ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ცხოველის იმუნური სისტემა აზიანებს პერიფერიულ სისხლში არსებულ ერითროციტებს და იწვევს მათ დაშლას.
შურას მკურნალობა წარიმართა იმუნოსუპრესიული თერაპიის ფონზე. მიმდინარეობს ლაბორატორიული მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი და ამ ეტაპზე აღინიშნება დადებითი დინამიკა, ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. პაციენტი აგრძელებს დანიშნული მედიკამენტების მიღებას სახლის პირობებში.
მსგავსი სიახლეები
17 აპრილი 2026
ბარბარე ქურციკიძე ESAVS-ის საერთაშორისოდ აკრედიტებულ ქირურგიულ პროგრამაში
15 აპრილი 2026
რთული კარდიოლოგიური კლინიკური შემთხვევა.
15 აპრილი 2026
პერიკარდიოცენტეზი ვეტერინარიუმში - ძალიან რთული კლინიკური შემთხვევა
14 აპრილი 2026
განსაკუთრებით რთული და კომპლექსური კლინიკური შემთხვევა
13 აპრილი 2026